ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტზე ინვესტორთა შერჩევაზე კონკურსს წელს გამოვაცხადებთ
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად ინვესტორთა შერჩევაზე კონკურსი 2022 წელს გამოცხადდება.
მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი სწორად უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც პორტის ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა, დაიწყო დეტალური კვლევები. თუმცა, კვლევები რეგიონში ომამდე ჩატარდა, რაც გადასახედია.
"კვლევის ჩატარება იმიტომ იყო საჭირო, რომ პანდემიის პირობებში ტვირთნაკადი მსოფლიოში შემცირებული იყო, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ ინტერესები ფაქტობრივად არ არსებობდა. პანდემიამ 2 წელი წაიღო. ამის შემდეგ კვლევები განახლდა, რადგან უფრო ადეკვატური ყოფილიყო სიტუაციის ანალიზი. დღეისათვის ეს ინფორმაცია დამატებით ანალიზსს და განახლებას საჭიროებს. ჩვენ შევარჩევთ საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის საკონსულტაციო კომპანიას, საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, ასევე საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომლებიც დაგვეხმარებიან, რომ ინვესტორთა შერჩევის პირობები სწორად ჩამოვაყალიბოთ. ამასთან, სამინისტრომ იმუშავა "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" კანონმდებლობის განახლებაზე, რომლის ფარგლებშიც მოგვიწევს ინვესტორებთან მუშაობა. ეს პერიოდი გამოვიყენეთ შიდა მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. მიმდინარე წელს ინვესტორთა შერჩევას გამოვაცხადებთ. დაინტერესება საკმაოდ მაღალია. აბუდაბის პორტები, რამდენიმე კონსორციუმი სამინისტროსთან უკვე საუბრობს. ვფიქრობ, ჩვენ ისეთ პორტს მივიღებთ, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ემსახურება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ.
ლევან დავითაშვილს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.