ეკონომიკა
06/10/2022

ლევან დავითაშვილი: 2022-2027 წლებში საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება 

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოს ეკონომიკა გამოწვევების წინაშე დააყენა. 

თუმცა, მისი თქმით, საქართველომ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება შეძლო. 

მინისტრის განცხადებით, 2022 წელს საქართველოს იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება, ვიდრე ამას კრიზისის დასაწყისში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ. 

"პანდემიის პარალელურად რუსეთ-უკრაინის ომმა და დაძაბულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ რეგიონში, პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი ჩვენი ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად შეცვალა ეკონომიკურ პოლიტიკის ორიენტირი, რათა არსებული გამოწვევების კვალდაკვალ მოგვეხდინა ადეკვატური რეაგირება და მომხდარიყო ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. აღსანიშნავია, რომ საქართველომ, გამოწვევების მიუხედავად, შეძლო როგორც ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, ისე ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის გაგრძელება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. 

როგორც მან აღნიშნა, 2021 წელს დაფიქსირებული 10.4%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 10.3% შეადგინა.

მინისტრის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, მრეწველობის და მომსახურების სექტორში, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. ამავე დროს ეკონომიკური აქტივობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, საერთაშორისო გადაზიდვების და სხვა არხებიდან მიღებული სავალუტო შემოდინებები.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ექსპორტის მიმართულებით სტაბილურად ფიქსირდება პოზიტიური ტენდენციები.

"ეკონომიკაში დაფიქსირებულ ძირითად ტენდენციებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ 2022 წელს საქართველოს ექნება იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ვიდრე ამას, კრიზისის დასაწყისში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ - საქართველოს მთავრობის საბაზო პროგნოზით 2022 წელს მოსალოდნელია 8.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, თუმცა შედარებით ოპტიმისტური პროგნოზები აქვთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 2022-2027 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის და საშუალოდ 5.6%-ს გაუტოლდება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.