ეკონომიკა
08/09/2020

ლექსო ალექსიშვილი: მაკროეკონომიკური კრიზისის საფრთხე საქართველოში არ გვაქვს

მაკროეკონომიკური კრიზისის საფრთხე ქვეყანაში ჯერჯერობით არ არსებობს და ეს პოზიტიური სიგნალია, - განაცხადა საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის გენერალურმა დირექტორმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“.

ლექსო ალექსიშვილმა გადაცემაში აღნიშნა, რომ პანდემიამ კრიზისი გამოიწვია, თუმცა ქვეყანაში არ არსებობს მაკროეკონომიკური კრიზისის საფრთხე, სახეზეა ფინასური სტაბილურობა, სტაბილურია საბანკო სისტემა და არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

„მნიშვნელოვანია როგორ დავასრულებთ ამ ფისკალურ წელს, როგორც ფისკალური, ასევე მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მშპ-ს ვარდნა ნავარაუდევი 5,8% იქნება თუ 4%. რამდენადაც სხვაობა ამ ორ ნიშნულს შორის საკმაოდ დიდია. მხოლოდ საგადასახადო შემოსავლების ნაწილს რომ შევეხოთ, 700-750 მლნ-იანი განსხვავებაა და ზედაპირულად იმის თქმა - რა მნიშვნელობა აქვს -5,8% იქნება თუ -4%, არასწორია“, - განაცხადა ლექსო ალექსიშვილმა.

PMCG-ის დამფუძნებელმა ბიზნესის განწყობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის დაწყებიდან პირველად ივლისში ბიზნესის გამოკითხვამ პოზიტიური ნიშნები აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემები არ დასრულებულა, თუმცა ბიზნესმა უკვე ახალ რეალობაში ადაპტაცია დაიწყო.

Businesspartner