ეკონომიკა
24/02/2021

ლექსო ალექსიშვილი დედოლარიზაციაზე: არ მომწონს ხელოვნურობა ეკონომიკაში

დედოლარიზაცია, ბიუროკრატია, სახელწიფო საწარმოები - ეს ის სამი საკითხია, რაზეც საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის გენერალური დირექტორის აზრით, ახალი პრემიერმინისტრის პირობებში მთავრობამ უნდა იმუშაოს.

ლექსო ალექსიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორის ოთხეულში" განაცხადა, რომ ხშირად ქვეყანა ხელოვნურად ნერგავს გარკვეულ ინსტრუმენტებს.

„არ მომწონს ხელოვნურობა ეკონომიკაში. რაც არ უნდა იყოს არ არის მისაღები ხელოვნური დედოლარიზაციის პროცესი. ჩვენ ხელოვნურად შემოგვაქვს ინსტრუმენტები, რომელიც ზრდის ლარის მოთხოვნას, მაშინ როდესაც, ლარი თავისთავად ძვირია. ჩვენ ხელოვნურად ვაიძულებთ მომხმარებლებს, რომ ან ძვირი პროდუქტი აიღოს ან მაქინაციებით გვერდი აუაროს ამ მოთხოვნებს. რაც თავისთვად არასწორია", - აცხადებს ლექსო ალექსიშვილი. 

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, ბიუროკრატიის შემცირება.

"იმიტომ რომ ბიუროკრატიის ეფექტი ძალინ დიდია. ის განსაზღვრავს ეკონომიკურ აქტივობას ქვეყანაში. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ცენტრალურ ხელისუფლებაში თუ მუნიციპალიტეტებში. ფაქტია, რომ ძალიან ბევრი წუხილი გვესმის ბიზნესისგან, რომ მათი მშენებლობები თუ სხვა პროექტები შენელდა ან სულაც შეფერხდა ბიუროკრატიის გამო ეს მოსაგვარებელია. მესამე საკითხი არის სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაცია ან პრივატიზება. როგორც მინიმუმ უნდა მოხდეს მათი აქციების საერთაშორისო ბირჟაზე გატანა და კაპიტალის მოზიდვა. ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი სიგნალი ინვესტორებისთვის რომ საქართველოში არის სივრცე  თანხების დაბანდებისთვის,“ - ლექსო ალექსიშვილი

 

Businesspartner