ლაშა ხუციშვილი: წელს მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 48%-ს ჩამოსცდება
ფინანსთა მინისტრი მთავრობის დანაზოგებზე აცხადებს. ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მაჩვენებელი პანდემიამდე მშპ-ს 5%-ის ფარგლებში იყო, თუმცა პანდემიამ 2020 წელს მაჩვენებელი უარყოფითი გახდა, 2021 წელს კი 1%-ზე ნაკლები შეადგინა.
"ეკონომიკური აღდგენის პარალელურად, 2022 წელს მთავრობის დანაზოგების დონე დაუახლოვდება პანდემიამდელ ნიშნულს და 4%-ს გადააჭარბებს", - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.
მისი თქმით, მთავრობის დანაზოგების ზრდა მაღალი მოცულობის კაპიტალური ხარჯების დაფინანსების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, მიმდინარე წელს კაპიტალური ხარჯები 5,9 მილიარდ ლარს მიაღწევს, ხოლო მშპ-სთან მიმართებით 8,7 პროცენტი იქნება.
წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 4,4%-ზეა დაგეგმილი, თუმცა ლაშა ხუციშვილი იმედოვნებს, რომ შესაძლებელი იქნება მისი 4,1 პროცენტამდე შემცირება.
"ბიუჯეტის დეფიციტის პარალელურად, მთავრობის ვალის მაჩვენებელი ჩამოცდება მშპ-ს 48 პროცენტს. მნიშვნელოვანი პარამეტრია მთავრობის დანაზოგების მოცულობაც“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.