ლაშა ხუციშვილი: წელს ინფლაცია ერთნიშნულიან მაჩვენებელზე ჩამოვა
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ყოველთვიურად მცირდება, სასურველი შედეგი მაინც არ არის.
მინისტრს მოლოდინი აქვს, რომ 2022 წელს ინფლაცია ერთნიშნულიან მაჩვენებელზე ჩამოვა, 2023 წელს კი, ის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.
"მიმდინარე პერიოდში გაზრდილი რისკებიდან და გაზრდილი ინფლაციიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას საკმაოდ მკაცრად ახორციელებს. ეს ტენდენციაა მსოფლიოს ყველა ცენტრალურ ბანკში. ჩვენს შემთხვევაში 11%-ზეა და ამ ეტაპისთვის საკმაოდ მაღალია, თუმცა ინფლაციაც მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ყოველთვიურად მცირდება, ის იმ ოდენობით არ მცირდება, რაც სასურველი იქნებოდა. თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია ერთნიშნულიან მაჩვენებელზე ჩამოვა, ხოლო მომდევნო წელს მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა "ბიზნესპარტნიორის" გადაცემაში.