ლაშა ხუციშვილი: სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა
საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) ახალი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ნებისმიერი რეფორმა, რომელიც სავალუტო ფონდის პროგრამაშია ჩართული საქართველოშია მომზადებული და მიწოდებული ფონდისთვის.
მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ როდესაც საქმე ეხება "საშინაო დავალებების" შესრულებას ფონდთან პროგრამის დაწყებაზე აქცენტები არასწორად არის დასმული.
"ნებისმიერი რეფორმა, რომელიც იყო ჩადებული ჩვენს პროგრამაში ეს საქართველოშია მომზადებული და მიწოდებული საფინანსო ინსტიტუტისთვის. არასწორი აქცენტებია როდესაც ვსაუბრობთ "საშინაო დავალებებზე". ეს არის საქართველოში დაწერილი რეფორმები, რომელიც აისახება პროგრამაში. სამომავლო პროგრამა დასკვნით ეტაპზეა, გათვალისწინებული რეფორმები მომზადებულია საქართველოში და ის შესაბამისად აისახება პროგრამაში", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო სსფ-სთან ახალი პროგრამის დაწყებაზე მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს. ფონდთან დაგეგმილია ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყება.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სსფ-ს ახალ პროგრამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში განაცხადა, ახალი პროგრამა თანხების მოზიდვას არ ითვალისწინებს.
"პროგრამა არის სტანდარტული. წინა პროგრამის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ისესხა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, როგორც ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად, ასევე ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შესავსებად, თუმცა ამ ეტაპზე, არ მოიაზრება თანხის ათვისება, ეს იქნება ისეთი პროგრამა, რომ თუ კი ათვისების საჭიროება დადგება, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება თანხა მიღებული, მაგრამ სხვა სიტუაციაში ეს პროგრამა არ ითვალისწინებს დამატებითი თანხების მიღებას," – განმარტა კობა გვენეტაძემ.
სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამა 2021 წლის აპრილში დასრულდა.
პროგრამის ფარგლებში, სულ, საქართველოს 687 მლნ დოლარი (406 მლნ SDR) აქვს მიღებული, მათ შორის 2020 წელს - 226 მლნ SDR ($315 მლნ დოლარი).