ეკონომიკა
04/07/2022

ლაშა ხუციშვილი: ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება

ფინანსთა სამინისტროს ვარაუდით, ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაუახლოვდება.

თუმცა, ლაშა ხუციშვილი აქვე აღნიშნავს, რომ ეს პროგნოზი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამართლდება, თუ რეგიონსა და დანარჩენ მსოფლიოში არსებული რეალობა შენარჩუნდება და ის არ გაუარესდება. 

"საქართველო ამ ნაწილში ვერ იქნება გამონაკლისი და კუნძული, რომ მხოლოდ მას არ შეეხოს ინფლაციის წნეხი. ვხედავთ, რომ ინფლაცია ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში, ამერიკაში არის ისტორიულ მაქსიმუმებზეა. შესაბამისად, გადმოცემის ეფექტი არსებობს. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კი საწვავი და ნავთობპროდუქტებია. შესაბამისად, ეს არაპირდაპირ ასახვას ჰპოვებს სხვა პროდუქტებშიც. ინფლაცია გაზრდილია სურსათის მიმართულებითაც. გარკვეულწილად ამას აბალანსებს ადგილობრივი პროდუქცია, თუმცა ინფლაცია გადმოდინდება სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან. ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს, რომ ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები არ შეიქმნას. ჩვენი ვარაუდით, ინფლაცია შემდეგი წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება მის სამიზნე მაჩვენებელს. თუმცა მეორე მხრივ, ის გამოწვევები რაც რეგიონში არსებობს არანაირ გარანტიას არ გვაძლევს, რომ მეორე ნახევრიდან მიზნობრივ მაჩვენებლამდე შემცირდება. ეს დაშვება არის, თუ დღეს არსებული რეალობა გაგრძელდება",- განაცხადა ხუციშვილმა. 

ცნობისთვის, ივნისში ინფლაცია 12.8% იყო.