ლაშა ხუციშვილი: განახლებული პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 6.5% იქნება
მთავრობამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის დაკორექტირებას გეგმავს.
როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 6.5%, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა პროგნოზებს.
ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზების წარადგინისას აღნიშნა, რომ განახლებული პროგნოზები ითვალისწინებს პოზიტიურ ცვლილებებს ეკონომიკის ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებლის მიმართულებით.
„ბოლო პერიოდში ვხედავთ ძალიან პოზიტიურ დინამიკას. ეს ჯერ კიდევ მარტში გამოჩნდა, როდესაც დაფიქსირდა 4%-იანი ეკონომიკური ზრდა პირველად პანდემიის დაწყებიდან. პროგნოზებს წარვადგენთ 3 სცენარით - საბაზისო, პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარებით. წინა პროგნოზებით შემუშავებული საბაზისო სცენარი განსაზღვრულია, როგორც მიმდინარე პესიმისტური სცენარი. რაც შეეხება საბაზისო, ანუ მთავარ სცენარს - ჩვენი განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 6.5%, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა პროგნოზებს. 2022 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იქნება ასევე მაღალი - 6.9%“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, მცირდება ბიუჯეტის დეფიციტი 7.1%-მდე დღეს არსებული 7.6%-იდან.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით. როგორც მოგახსენეთ, ჩვენი პროგნოზები მოიცავს ასევე ოპტიმისტურ სცენარს, რომლის მიხედვითაც 2021 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნა დონეზე და სავსებით შესაძლებელია, რომ ეკონომიკური აქტივობა სწორედ ოპტიმისტური სცენარით განვითარდეს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ოპტიმისტურ სცენარში ნავარაუდევი ეკონომიკური ზრდა 2021 წელს შეადგენს 10.2%-ს.
„აღნიშნული სცენარი ითვალისწინებს მიმდინარე წელს ტურიზმის უფრო სწრაფ აღდგენას - კონკრეტულად 2019 წლის 40-45 პროცენტის დონეზე. იგი ასევე ითვალისწინებს ეკონომიკის დინამიურ ზრდას ეკონომიკის სხვა სექტორებშიც. ამის აშკარა ნიშნები ჩვენ გვაქვს აპრილის თვის მონაცემებში, სადაც ეკონომიკა თითქმის 45 პროცენტით გაიზარდა და აღნიშნული ზრდა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორზე გადანაწილდა”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, განახლებული პროგნოზით უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და მთავრობის ვალის შემცირების დინამიკა უფრო სწრაფი იქნება. სწორედ აღნიშნულ პროგნოზებზე დაყრდნობით დაიწყება ბიუჯეტში ცვლილებების პროექტისთვის მზადება.