ეკონომიკა
29/04/2021

ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის აღდგენის პროცესი იმაზე სწრაფი ტემპით დაიწყო, ვიდრე მოლოდინი იყო

„ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მარტში ეკონომიკური ზრდის შეფასებისას.

„რეალურად პირველი შემთხვევაა პანდემიის დაწყების შემდგომ, როცა დადებითი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკურ ზრდაში. ზრდა, ასევე, გამოიხატა დღგ-ის გადამხდელთა ბრუნვების ზრდაში, რომელმაც 20%-ს გადააჭარბა მიმდინარე თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა გრძელდება ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, საშულებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაწყებულია. ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე არაერთჯერადი, შეუქცევადი პროცესი,“- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკა მარტში 4%-ით გაიზარდა.

2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.

2021 წლის იანვარში ქვეყნის ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა, თებერვალში კი 5.1%-ით.