ეკონომიკა
21/09/2020

ლარის კურსს ფულადი გზავნილების ზრდა ვერ შველის

ლარის კურსის გამყარებისთვის ფულადი გზავნილების ნაკადების ზრდა საკმარისი არ არის, თუმცა კურსის სტაბილურად შენარჩუნებაზე გავლენას აუცილებლად მოახდენს - ასეთია ექსპერტების შეფასება აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების 26%-იან ზრდაზე.

ექსპერტების თქმით, იმ ფონზე როდესაც ქვეყანაში ინვესტიციები შეჩერებულია და არც ტურიზმიდან შემოედინება უცხოური ვალუტა, გზავნილების სახით გადმორიცხული თანხები ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.

საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვაძე ამბობს, რომ ფულადმა გზავნილებმა გარკვეული პოზიტივი უნდა შემოიტანოს კურსის დაჭერის თვალსაზრისით, თუმცა ეს  არ იქნება საკმარისი რომ კურსი დასტაბილურდეს.

"იქედან გამომდინარე, რომ ეკონომიკა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და კრიზისი რეალურად აქტიურ ფაზაშია, შესაბამისად მისი მარტივად რეგულირება მხოლოდ ფულადი გზავნილებით შეუძლებელია, თუმცა გარკვეულ ეტაპზე რა თქმა უნდა დახმარებას და პოზიტიურ ნიშნებს მისცემს," - აცხადებს "ბიზნესპარტნიორთან" კიკვაძე.

2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 184.2 მლნ დოლარი იყო. ყველაზე მეტი თანხა კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა, რამაც $35 მილიონი დოლარი შეადგინა. შემდეგი იტალიაა - თითქმის 28 მილიონი დოლარით, მესამე ადგილზე კი აშშ $22.05 მილიონი დოლარით.

 

Businesspartner