ლადო პაპავა: ლარის გამყარება დადებითად აისახება ინფლაციაზე, თუმცა უარყოფითად - ექსპორტიორებზე
ეროვნული ბანკის 26 იანვრის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 დოლარის ყიდვა 2.6451 ლარადაა შესაძლებელი.
ეროვნული ვალუტა გამყარების ტენდენციას აგრძელებს.
"ლარის გამყარებას, პირველ რიგში, განაპირობებს ტურიზმი. ასევე ფულადი გზავნილები და ფულადი გადარიცხვები. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე არაერთმა გადაწყვიტა თავისი ბიზნესის საქართველოში გადმოტანა. ბუნებრივია, როცა უცხოური ვალუტა შემოდის, ეროვნული ვალუტა მყარდება. რაც შეეხება 2023 წლის პროგნოზებს, ჯერჯერობით ამაზე საუბარი რთულია. დღეს მსოფლიო არ არის ჩვეულებრივ რეჟიმში. ომის პირობებში პროგნოზების გაკეთება ძალიან ძნელია. მშვიდობიან პერიოდშიც კი საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის პროგნოზებს ყოველ კვარტალში ცვლის. შეიძლება ითქვას, რომ სხვა თანაბარ პირობებში, თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ლარი გამყარებული დარჩება",- აღნიშნა პაპავამ.
მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის გამყარება, ერთი მხრივ, დადებითად აისახება ნიფლაციაზე, ხოლო უარყოფითად - ექსპორტიორებზე.
"ლარის გამყარება ინფლაციაზე დადებითად აისახება, რადგან ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ. მეორე მხრივ, უარყოფითად აისახება ექსპორტიორებზე. გამყარება ერთმნიშვნელოვნად კარგი არ არის. ჩვენს საექსპორტო პოტენციალს ისედაც სუსტი შესაძლებლობები აქვს. ნამდვილად არ არის კარგი, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს ეროვნული ვალუტის გამყარების გამო. თანაც ეს არ არის ის გამყარება, რომელიც უშველის ინფლაციის მაღალ დონეს. საქმე იმაშია, რომ ინფლაციის მიზეზი არ არის საქართველოში. ეს გლობალური მიზეზია, რომელიც პანდემიით დაიწყო და ომით გაგრძელდა. თუ არ ჩავთვლით არალეგალურ აქტიურობას, რუსეთიც და უკრაინაც გამოირიცხა მიწოდების გლობალური ჯაჭვებიდან. ეს არის მიწოდების შემცირებით გამოწვეული ინფლაცია. ლარის გამყარებით კი მიწოდების ჯაჭვებს ვერ აღვადგენთ. ინფლაციის კლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ამას თავს მოაბამენ ისეთი წამყვანი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, ევროკავშირის ლიდერი ქვეყნები, იაპონია ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა რომ შეარბილოს, ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იქნება. ცენტრალურ ბანკებს მიწოდების გზარდის არანაირი მექანიზმი არ გააჩნიათ",- განაცხადა პაპავამ.