"ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბიზნესის კლიმატის ინდექსი, რაშიც ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დიდი დამსახურებაა“
„მეოთხე კვარტალმა აჩვენა, რომ ქვეყანაში ბიზნესის როგორც მიმდინარე მდგომარეობა, ასევე მოლოდინები პოზიტიურია, ანუ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბიზნესის კლიმატის ინდექსი“, - განაცხადა დღეს გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
როგორც BAG ინდექსზე საუბრისას ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, მათი საქმიანობა ოთხ სექტორს მოიცავს - მომსახურება, ვაჭრობა, მრეწველობა და მშენებლობა. მისი ინფორმაციით, ვაჭრობის სექტორში ბიზნესის კლიმატის ინდექსი წელს ბოლო კვარტალში 1.8 ქულით გაუმჯობესდა, ვიდრე ის იყო 2019 წლის მეოთხე კვარტალში, ანუ ვაჭრობის სექტორში ბიზნესის კლიმატის ინდექსი დაეწია და ოდნავ გაუსწრო 2019 წლის შესაბამის პერიოდს.
ამასთან, მშენებლობის სექტორში დასაქმების ბარომეტრი, რომელიც კვლევის მეორე კომპონენტია, პრე-პანდემიურ დონეს დაეწია. „ამაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დამსახურებააა, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა და მაკროეკონომიკური სურათი გაუმჯობესებულია. ჩვენ ვმუშაობთ ყველა სამინისტროსთან, მაგრამ უნდა აღვნიშნო ამაში ეკონომიკის სამინისტროს წილი, მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ბევრი შეხვედრები გვაქვს, პანდემიის დროს სხვადასხვა ჯგუფებში ვიყავით ჩართული, ინფორმაციის ნაწილი საჯარო სივრცეში ვრცელდება, ნაწილი - არ ვრცელდება, მაგრამ იქ სექტორების მიხედვით იყო, თუ კომპანიების მიხედვით, ძალიან ბევრი საინტერესო საქმე გაკეთდა. გადადგმული ნაბიჯები, ბუნებრივია, შედეგებზე აისახა“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.