"ქვეყანა მდიდრდება,თითქმის ყოველ წელს ₾10 მლრდ-ით იზრდება ეკონომიკა"
სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა, ისტორიულ მაქსიმუმზეა ქვეყნის ეროვნული რეზერვები, ქვეყანა მდიდრდება, დოვლათი იქმნება, თითქმის ყოველ წელს 10 მილიარდი ლარით იზრდება ეკონომიკა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლების დროს, 10 წლის წინ, სიღარიბის მაჩვენებელი 30%-მდე იყო, უმუშევრობის მაჩვენებელი კი 37% იყო.
„სიღარიბეს რაც შეეხება, მე გითხარით, რომ ჩვენი მმართველობის დროს სიღარიბე განახევრებულია. ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე ბოლო 10 წელიწადში ჩვენი პროგრამების, ეკონიმიკური ზრდის და სოციალური პროგრამების დახმარებით. წინა ხელისუფლების დროს, 10 წლის წინ სიღარიბის მაჩვენებელი 30%-მდე იყო. უმუშევრობა თუ არ ვცდები, 37%-ზე იყო. განახევრებულია, სიღარიბეც და უმუშევრობაც ისტორიულ მინიმუმზეა. ასევე, ისტორიულ მაქსიმუმზეა ქვეყნის ეროვნული რეზერვები. ანუ, ქვეყანა მდიდრდება. დოვლათი იქმნება, თითქმის ყოველ წელს 10 მილიარდი ლარით იზრდება ეკონომიკა. მე გითხარით, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, 3 წლის თავზე 10 მილიარდი დოლარით გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ერთ სულ მოსახლეს 8 000 დოლარზე გადავდივართ. შეიძლება ითქვას ასე, რომ სხვა კატეგორიაში გადადის ქვეყანა. რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, 2025 წლის ბოლოს, 2026-ში შეიძლება 10 000 დოლარს გადასცდეს. ჩვენს სტრატეგიაში, გეგმაში, რომელიც შევიმუშავეთ, ჩემი დავალებით, ხედვა 2030, საკმაოდ კონსერვატიული დათქმები გვაქვს, 2030 წელს უნდა მიგვეღწია 10 000 დოლარისთვის ერთ სულ მოსახლეზე. ისე დაჩქარდა ეკონომიკური განვითარება და ტემპი, რომ შეიძლება ამას მივაღწიოთ 2 წელიწადში, 2025-ის ბოლოს, 2026 წლისთვის. ეს არის ჩვენი პროგნოზი. ამიტომ, ამას სჭირდება შენარჩუნება, მეგობრებო. ბოღმისგან კი არ უნდა იცლებოდნენ ეს ადამიანები და კი არ უნდა შურდეთ საკუთარი ქვეყნის განვითარება, გამდიდრება და გაძლიერება, პირიქით, უნდა იფიქრონ იმაზე, როგორ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა, გამთლიანდეს, გაერთიანდეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.