ქუთაისის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საპროექტო სამუშაოები წელს დასრულდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საპროექტო სამუშაოები წელს დასრულდება. როგორც აეროპორტის განვითარების ხელმძღვანელმა განმარტა, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი სატვირთო ხომალდებსაც მოემსახურება.
„უახლოესი ორი წლის განმავლიბაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობას ვგეგმავთ. პროექტირების ეტაპი წლევანდელი წლის ბოლომდე დასრულდება. ეს იქნება ახალი შესაძლებლობა, ვინაიდან ახალი ასაფრენ დასაფრენი ზოლი მოემსახურება არამხოლოდ ეარბას 320 ტიპის საჰაერო ხომალდებს, არამედ შედარებით მოზრდილი ზომის საჰაერო ხომალდებს და გრძელვადიან პერსპექტივაში იმედი გვაქვს, რომ ქუთაისის აეროპორტში განვითარდება სატვირთო გადაზიდვების სერვისიც. თუმცა ამისათვის კერძო სექტორის აქტიურობაა საჭირო. ჩვენ ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებთ.“- განმარტა ირაკლი ქარქაშაძემ.
მისივე თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშის განახლების ერთი ეტაპი 2021 წელს დასრულდა. პროექტში ჯამში 110 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.