კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია
2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით (CPI) საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში ევროპის საუკეთესო ოცეულშია. „საერთაშორისო გამჭვირვალობის “კორუფციის აღქმის ინდექსი 2022” დღეს გამოქვეყნდა.
კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 4 ადგილით დაწინაურდა, შეფასების ქულა გაიუმჯობესა და 41-ე ადგილს იკავებს და ბოლო 7 წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25 პროცენტში.
გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში 20-ე ადგილზეა იტალიასთან, სლოვენიასა და ჩეხეთთან ერთად თანაბარი 56 ქულით. 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 9 და ნატოს წევრ 11 ქვეყანას პოლონეთს, სლოვაკეთს, კვიპროსს, საბერძნეთს, მალტას, ხორვატიას, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს.
საქართველო პირველ ადგილზეა მთელს შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშიც.
2022 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა.