ეკონომიკა
23/02/2023

კონკურენციის სააგენტომ წამლების გაძვირების საკითხის შესწავლა დაიწყო

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მედიკამენტების ნაწილის გაძვირებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს შეთანხმებულ ქმედებას ბაზრის მოთამაშეებს შორის. მისი თქმით, სააგენტომ წინასწარ შეფასებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

„წინასწარ შეფასებაზე ვმუშაობთ, რა ტიპის მედიკამენტებია და ამ ტიპის მედიკამენტების ბაზარი რეალურად როგორი სტრუქტურითაა წარმოდგენილი – არიან თუ არა იქ დომინანტები და ა.შ. წინასწარი შეფასების შემდეგ გვეცოდინება, რა ტიპის რეაგირება შეიძლება გვქონდეს. შესაძლოა, ეს იყოს ამ კონკრეტული მედიკამენტების ბაზარზე არაკეთილსინდისიერი შეთანხმების შესაძლო შემთხვევა ან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენება, რაც შეიძლება ასახული იყოს ჭარბ ფასში ან სხვა საკითხები,“ – განაცხადა ლექვინაძემ.

თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასების ზრდის შესახებ განცხადება ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ საღამოს გაავრცელა. უწყების ცნობით, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა.

“წინასწარი შეფასებით, ფასების ერთდროულად გაზრდის პროცესში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი, მაქსიმალური მოგების მიღების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, თურქეთიდან მედიკამენტები პარალელური იმპორტით, გამარტივებული რეჟიმით შემოვიდა, რამაც საქართველოში წამლების ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა. აქედან გამომდინარე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, ევროპულთან შედარებით, ბევრად იაფი ღირს. შესაბამისად, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, თურქული წამლების ფასის ხელოვნური ზრდა, მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რადგან ეწინააღმდეგება სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, წამლებზე სამართლიანი ფასის დაწესების გზით,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

jandacva.ge