კონკურენციის სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, WISHLIST-თან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, მოვაჭრე „WISHLIST”-თან (შპს „ონლაინ მოლი“) პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.
კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ აიღო ვალდებულება შემდეგი ღონისძიებები განახორციელოს:
- კომპანიის შიდა პოლიტიკა შეცვალოს, კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად უფლებები დაერღვათ;
- ხელშეკრულების დადებამდე მომხმარებელს მკაფიოდ, გარკვევით და სრულყოფილად მიაწოდოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია. მათ შორის, ყველა იმ მოვაჭრის შესახებ ინფორმაცია, ვისი საქონელიც მის სავაჭრო ობიექტებში, ადგილზე და www.wishlist.ge-ს პლათფორმაზე იყიდება;
- უზრუნველყოს სარეალიზაციო ვებგვერდზე/სოციალურ ქსელებსა და ადგილზე განთავსებულ საქონელსა და მომსახურებაზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;
- მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საგარანტიო პირობები;
- შეიმუშავოს და ვებგვერდზე განათავსოს შეძენილი საქონლის დაბრუნების ფორმა, დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი.
გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, 3 თვის ვადაში, სააგენტოს ვალდებულებების შესრულების მტკიცებულებები წარუდგინოს.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 317 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 9 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 93 საქმეზე - 56 შეთანხმება გააფორმა. 50 საქმეზე გაფორმებულ 30 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი - 32 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 3 მოვაჭრეს, 12 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა.