ეკონომიკა
24/10/2023

კონკურენციის სააგენტომ კომპანია "პიქსელ ტაჩის" მხრიდან მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით,  შპს „პიქსელ ტაჩს“ (PixL MobI - პიქსელ მობი), პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დარღვევის ფაქტი დაუდგინა. საკითხი ეხება - მომხმარებლის ინფორმირების ნაწილში, მოვაჭრის მხრიდან, საკომუნიკაციო სავაჭრო პოლიტიკის არაჯეროვან განხორციელებას როგორც ადგილზე ვაჭრობისას, ასევე ფეისბუკ გვერდის მეშვეობით.

კანონმდებლობის შესაბამისად, მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულება ნიშნავს, რომ ნებისმიერი პლატფორმის მეშვეობით, მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის სავაჭრო კომუნიკაცია - კონკრეტული საქონლის/მომსახურების შეძენის შეთავაზება უნდა იყოს კანონის შესაბამისად სრულად და გასაგებად მიწოდებული. მიუხედავად იმისა, მომხმარებელს აქვს თუ არა შესაძლებლობა - მოვაჭრესთან მყისიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა აწარმოოს.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დარღვევის ფაქტი დაუდგინდა და დაევალა, ერთი თვის ვადაში,  მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მოთხოვნებს შეუსაბამოს. უწყების მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

ინფორმაციისთვის: მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით, სააგენტოში 401 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 227 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 110 საქმეზე - 72 შეთანხმება გააფორმა. დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 27 დარღვევის ფაქტი - 41 საქმეზე, ხოლო 5 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 4 მოვაჭრეს, 15 საქმეზე  ჯარიმა დაეკისრა.

 

Businesspartner