ეკონომიკა
14/07/2023

კონკურენციის სააგენტომ დროში შეზღუდული შეთავაზების სტანდარტი დაადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით,  მოვაჭრის მხრიდან  უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა.  

აღნიშნულ საქმეში, მოვაჭრის  ფეისბუქ მაღაზიის „Best Shop ბესთ შოპი“ მხრიდან საქონლის სპეციალურ ფასად შეთავაზება ხდება მოჩვენებითად დროის მცირე მონაკვეთში, ყალბი ათვლის ქრონომეტრების (დროის უკუმთვლელი) საშუალებით. კერძოდ, ნივთის სააქციო ფასად შესაძენად განსაზღვრულია 24 საათიანი ვადა, თუმცა, შეთავაზება კვლავ გრძელდება მომდევნო დღეს და ქრონომეტრი თავიდან იწყებს უკუთვლას.

სააგენტოს შეფასებით, მოვაჭრის მხრიდან ცრუ განაცხადის გაკეთება, რომ საქონელი ხელმისაწვდომი იქნება ან/და განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში, იმ მიზნით, რომ მომხმარებელმა მყისიერი გადაწყვეტილება მიიღოს და არ მიეცეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად, წარმოადგენს მოქმედებით გამოხატულ შეცდომაში შემყვან საქმიანობას. სამართლებრივად, აღნიშნული ქმედება მოიაზრება როგორც „ცრუ გადაუდებლობა“ – Fake Urgency, როცა მომხმარებელი დროის ზეწოლის ქვეშ იმყოფება და ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად ნაკლები დრო აქვს.

შესაბამისად, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, კონკურენციის სააგენტომ დროში შეზღუდული შეთავაზების  სტანდარტი დაადგინა. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანია მანიპულაციური მარკეტინგული ხრიკის-შეცდომაში შემყვანი სპეციალური კომერციული შეთავაზების დროის ყალბი უკუმთვლელის, როგორც უსამართლო კომერციული საქმიანობის პრევენცია.

ასევე, სააგენტოს პოზიციით - მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკა მომხმარებლის ინფორმირებულობის ნაწილშიც არ არის კანონის ნორმებთან შესაბამისობაში. კერძოდ: 1. ინფორმაცია არ არის მიწოდებული საქართველოს სახელმწიფო ენაზე; 2. არ მოიცავს საქონლის ან მომსახურების დასახელებას და შესაბამისი არსებით მახასიათებლებს 3. არ არის ინფორმაცია კანონისმიერი გარანტიის (კომერციული - არსებობის შემთხვევაში), ნივთის შეცვლა/შეკეთება, ფასის შემცირებისა და ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და თავისი სავაჭრო პოლიტიკა შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს.