ეკონომიკა
18/07/2023

კონკურენციის სააგენტო: მომხმარებლის უფლებების შესახებ განცხადების წარდგენა ელ. ხელმოწერითაცაა შესაძლებელი

საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტომ ვებგვერდი www.gnca.gov.ge  განაახლა, სადაც სააგენტოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, განხორციელებული აქტივობა თუ მიმართვის ფორმა, დაინტერესებულმა მხარემ მარტივად და დეტალურად შეუძლია მოიძიოს.

კერძოდ, საიტის მთავარ გვერდზე წარმოდგენილია სააგენტოსთან მომართვის ფორმები, სადაც როგორც დოკუმენტის ჩამოტვირთვის ფორმატში, ასევე ელექტრონული ხელმოწერის შემთხვევაში შესაძლებელია დოკუმენტის გამოგზავნა.

ასევე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სააგენტო განმარტავს - ვის, რა შემთხვევაში და რომელი ფორმის შევსებით შეუძლია კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს:

 

  1. თუ მომხმარებელი თვლის, რომ ირღვევა მისი უფლებები და მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის ქმედების შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება.
  2. თუ ადგილობრივ ინდუსტრიას აქვს მტკიცებულებები, რომ დემპინგური იმპორტით ზიანი ადგება ან  ზიანის მიყენების საფრთხე არსებობს;
  3. საჩივრის ფორმით შეუძლია მიმართოს მხოლოდ ეკონომიკურმა აგენტმა, რომელსაც მიაჩნია, რომ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მას უშუალოდ ადგება ქონებრივი ზიანი.
  4. კომპანიების კონცენტრაციის(გაერთიანების) შემთხვევაში სავალდებულოა სააგენტოში შეტყობინების გაგზავნა - თუ კონცენტრაციის  მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.
  5. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის განაცხადით - პირი სრულად ან ნაწილობრივ თავისუფლდება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, თუ კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებაში მონაწილეობას აღიარებს და ზეპირად ან წერილობით მიაწვდის საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, მტკიცებულებას სააგენტოს.

დაიხვეწა და განახლდა საიტის მუშაობის სისტემა. თანამედროვე სტანდარტების და მომხმარებლის ინტერესის შესაბამისად, დაემატა ახალი ფუნქციები და ინფორმაციები. საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სააგენტოს საიტზე ცალკე ფორმატში არის წარმოდგენილი  - მომხმარებლის უფლებები და ანტიდემპინგის მიმართულება, სადაც ნებისმიერი ვიზიტორი დეტალურად გაეცნობა ამ მიმართულებით მიმდინარე და დასრულებულ საქმეებს, შედეგებს.