კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ბათუმში მომხმარებლისთვის სერვისის არასახელმწიფო ენაზე მიწოდების თემაზე შესწავლა დაიწყო
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ქ. ბათუმში, კვებითი მომსახურების სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საკითხის შესწავლა დაიწყო.
"საკითხი ეხება - 11 მოვაჭრის მიერ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას. კერძოდ, „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ წერილის საფუძველზე, საცნობარო(კვების) მენიუ შედგენილია და მომხმარებელს არასახელმწიფო ენაზე მიეწოდება. შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში ასევე დასტურდება, რომ კვების ობიექტებში სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ხშირად, მომხმარებლებს ქართულ ენაზე მომსახურების გაწევაზე უარს ეუბნებიან. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ სავაჭრო ობიექტების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
ინფორმაციისთვის: „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურება განახორციელოს ქართულ ენაზე. კონკურენციის ეროვნული სააგენტო, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საკითხის შესწავლას იწყებს კონკრეტული მომართვის შემთხვევაში, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის ქმედებ(ებ)ის შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი.
თუ დაირღვა თქვენი უფლებები შეგიძლიათ შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა https://gnca.gov.ge/index.php?m=401
დარეკოთ ცხელ ხაზზე 598 05 4422 ან მოგვწეროთ consumer@gnca.gov.ge,"-ნათქვამია განცხადებაში.