ეკონომიკა
28/06/2023

კონკურენციის ეროვნული სააგენტოში აშშ-ის საელჩოს და CLDP-ის მხარდაჭერით სემინარი მიმდინარეობს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ აშშ-ის საელჩოს და აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის(CLDP) მხარდაჭერით გამართული სემინარი „ანტიდემპინგი საქართველოში: ეფექტური აღსრულება და საუკეთესო პრაქტიკა“ გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი; ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ეკა სეფაშვილი; მაიკლ ჰონიგშტაინი, პოლიტიკურ/ეკონომიკური მრჩეველი, აშშ საელჩო თბილისში; ერიკ ვენცი, ადვოკატის მრჩეველი, CLDP.  

„2020 წელს,  საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონი,  რომლის აღსრულება საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ევალება. კანონის მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა.

2022 წლის ანგარიშში, ამ მიმართულებით,  ჩვენ ადგილობრივი ინდუსტრიის შიდა სექტორული მონიტორინგებიც გამოვაქვეყნეთ, რომელიც  მინერალური სასუქების,  ფოლადის არმატურის და ფრინველის კვერცხის ადგილობრივ ინდუსტრიებს შეეხებოდა.  სააგენტო აღნიშნული მიმართულებით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ადგილობრივ ინდუსტრიებთან მათთვის აქტუალურ საკითხებზე და სათანადო მტკიცებულებების მოწოდების შემთხვევაში იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული. მადლობა მხარდაჭერისთვის ჩვენს კოლეგებს და ექსპერტებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის საერთაშორისო პრაქტიკის, მიდგომების, მიღებული შედეგების შესახებ გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქმის შესწავლის პროცესში პროცედურულ ნაწილს, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ” საქართველოს კანონის ძირითად პრინციპებს, საერთაშორისო პრაქტიკას, მიდგომებს და გამოცდილებას. ასევე,  ანტიდემპინგის სისტემის ეფექტიანი მართვის პროცესში ეკონომიკური ფაქტორების მნიშვნელობას და ა.შ. 

ღონისძიებაზე საქართველოში ანტიდემპინგური საქმიანობის მიმართულებით  განხორციელებულ საკითხებზე პრეზენტაცია წარადგინა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს  ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის უფროსმა, ნიკა სერგიამ. პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით მოხსენებით წარდგნენ უცხოელი კოლეგები: კეიტლინ მ. მონკსი, საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკის უფროსი ანალიტიკოსი აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის პოლიტიკის ოფისში; რავი სუპრამანიენი, ადვოკატის მრჩეველი აშშ-ს საერთაშორისო სავაჭრო კომისიის (USITC) გენერალური მრჩეველის ოფისში.

სასემინარო შეხვედრას საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, შემოსავლების სამსახურის და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ესწრებიან.

ღონისძიება 28-29 ივნისს,  ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.