ეკონომიკა
01/05/2023

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, მოსამართლეებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნეს - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ; სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა; პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ; საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ; პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა; TWINNING-ის პროექტის მუდმივმა რეზიდენტმა მრჩეველმა, იუსტინა პაულაუსკაიტემ.  

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიმოიხილეს - კონკურენციის სამართალში არსებული შედეგები, გამოწვევები, საერთაშორისო პრაქტიკა და მიღებული გადაწყვეტილებები. სამუშაო სემინარს უძღვებოდნენ: ნატალი ჰარდორფ-ბორჩი, ავსტრიის კონკურენციის სააგენტოს გენერალური დირექტორი; ჰეინს ლიდვიგ მეიერი - ავსტრიის ვაჭრობის სასამართლოს მოსამართლე, ავსტრიის კარტელების ფედერალური პროკურორი და ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს იურიდიული სამსახურის უფროსი, მონიკა დამბრაიტე-ოზიუნიენე.

„კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს. კონკურენციის კანონში ცვლილებებით გაძლიერდა კონკურენციის  აღსრულების პოლიტიკა, დაგვემატა ორი ახალი ფუნქცია ანტიდემპინგის პოლიტიკის აღსრულება და მომხმარებლის უფლებების დაცვა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შემდეგ ეტაპზე სასამართლო კონტროლს გადის.  შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად საერთაშორისო, ევროპული პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვანია. მადლობა ევროკავშირის მხარდაჭერილ TWINNING-ის პროექტს შეხვედრის მხარდაჭერისთვის და საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას აქტიური ჩართულობისთვის,’’- განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ.

შეხვედრას მოქმედი მოსამართლეები, პარლამენტის წევრები, საქართველოში მოქმედი მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სემინარის მონაწილეებს, 2014 – 2022 წლებში, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შედეგები წარუდგინა. მისი განცხადებით,  აღნიშნულ პერიოდში, სააგენტომ დაასრულა 11 ბაზრის მონიტორინგი და 40 მოკვლევა. გასცა 23 თანხმობა ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით 88 რეკომენდაცია. მათ შორის: სახელმწიფო ხელისუფლების/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი - 55,

2015-2022 წლებში, კონკურენციის თემაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე, სააგენტოს სასარგებლოდ,  13 სასამართლო დავა - 12 საქმეზე  დასრულდა, ხოლო  1 საქმე    სააგენტოს ხელახალი შესწავლისთვის უკან დაუბრუნდა. ამ ეტაპზე, სააგენტოს მიერ მიღებულ 14 გადაწყვეტილებაზე, სხვადასხვა ინსტანციაში, მიმდინარე რეჟიმშია, 16 სასამართლო დავა. მათ შორის: დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაზე - 2 საქმე, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების ფაქტზე - 5 საქმე, სახელმწიფო უწყებების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტზე - 5 საქმე და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევაზე - 2 საქმე.

მიმდინარე წელს, TWINNING-ის პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ასევე დაგეგმილია კიდევ ერთი გაფართოებული სამუშაო შეხვედრა მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე.