კობა გვენეტაძე: საგარეო შემოდინებებში დანაკლისი იმაზე ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე 2020 წელს იყო
სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საგარეო შემოდინებებსა და გადინებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ზუსტი დასკვნების გაკეთება შეუძლებელია.
"ჯერ ინფორმაციის შეგროვებისათვის საკმაო დრო არ გასული იმისათვის, რომ რაიმე დასკვნები გავაკეთოთ. ზოგადად მიმდინარე მდგომარეობიდან რეგიონის რისკიანობა გაზრდილია, რამაც შეიძლება კაპიტალის შემოდინებაზე იმოქმედოს. მაგრამ ამ რისკიანობის აღქმაც ცვალებადია. ეს მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დამთავრდება კონფლიქტი. რა თქმა უნდა სწრაფად დამთავრება აუცილებელია პირველ რიგში უკრაინელი ხალხისათვის, მაგრამ ამავე დროს როდესაც მოხდება გარკვეულ დონეზე ამის დამთავრება, ამის შემდეგ უფრო კარგად გამოჩნდება, თუ რა განვითარებებს უნდა ველოდოთ , რა იქნება გავლენა რეგიონზე, უშუალოდ ქვეყნებზე", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
თუმცა, სებ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საგარეო შემოდინებებში დანაკლისი იმაზე ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო.
"2020 წელს მხოლოდ ტურისტული შემოსავლებიდან დაახლოებით 2.9 მლრდ დოლარი ვერ მიიღო საქართველომ. ის წელი ძალიან დიდი ალბათობით რეკორდულად მაღალი შემოსავლების წელი იქნებოდა ტურიზმისთვის", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.