ეკონომიკა
30/03/2022

კობა გვენეტაძე: რუსული აგრესიის გამო რეგიონი უფრო რისკიანად ჩაითვლება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა იმ დონემდე უნდა მოხდეს, რისი საჭიროებაც იქნება. 

თუმცა, მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ერთი თანმდევი ფაქტორი აქვს, რომელიც გასათვალისწინებელია. კერძოდ, ლარში საპროცენტო განაკვეთის მაღალი დონე სესხების დოლარიზაციის ზრდასაც ახალისებს, რაც უარყოფითი პროცესია და ამით პოლიტიკის განაკვეთის გავლენა მცირდება. 

"იმ შემთხვევაში თუ, რისკები მკვეთრად რეალიზდება, პოლიტიკის განაკვეთთან ერთად, შესაძლებელია სხვა ზომების გამოყენება, რომელიც უფრო ფინანსური სტაბილურობისკენ იქნება მიმართული. თუმცა მიუხედავად გამოწვევებისა, ეროვნული ბანკის პოლიტიკა მიმართული იქნება მისი მანდატის შესრულებისაკენ, რათა საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ დონეს დაუახლოვდეს", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ. 

კობა გვენეტაძის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 3-4%-მდე ამცირებს. 

"უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებები საქართველოზე პირდაპირ და არაპირდაპირ აისახება. ეკონომიკურად ეს აისახება ისეთი არხებით, როგორიცაა ამ ქვეყნებიდან მიღებული შემოსავლები - ტურიზმიდან, ექსპორტიდან. იქნება გზავნილების შემცირებაც. 

ზოგადად თუ შევხედავთ, რუსული აგრესიის გამო რეგიონი უფრო რისკიანად ჩაითვლება, რაც ასევე იმოქმედებს ზოგადად ეკონომიკური ზრდის პოტენციალზე ამ ქვეყნებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.