ეკონომიკა
30/03/2022

კობა გვენეტაძე: ლარი არ ყოფილა ერთადერთი ვალუტა, რომელიც გაუფასურდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი რუსეთ-უკრაინის ომი და ამის გამო კერძო სექტორში გაუარესებული განწყობები იყო.

კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ამ პერიოდში მხოლოდ ლარი არ გაუფასურებულა და მსგავსი ვითარება იყო რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. 

"რუსეთი და უკრაინა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. ცხადია, როდესაც ამ ქვეყნებში ეკონომიკური ვითარება უარესდება, ეს პირდაპირი არხებით გადმოგვეცემა. კერძოდ, ეს იქნება ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, ტურიზმიდან, ფულადი გზავნილები. როდესაც ომი დაიწყო, მოსალოდნელმა გაუარესებამ ბაზრის მონაწილეების მოლოდინები უარყოფითისკენ შეცვალა. მათ ომის დასაწყისშივე დაიწყეს პოზიციების ცვლილება. გაცვლითი კურსიც ამ მიზეზით გაუფასურდა. რა თქმა უნდა, ლარი არ ყოფილა ერთადერთი ვალუტა, რომელიც გაუფასურდა. გაუფასურდა ძალიან ბევრი ვალუტა, რეგიონის ვალუტები, პოლონური, ჩეხური... ეს აბსოლუტურად ბუნებრივი იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც არსებული მოლოდინები და ინფორმაცია გადამუშავდა, ვალუტებმა, ქართული ლარის ჩათვლით, გამყარება დაიწყეს. როდესაც ლარზე საუბრობენ ხოლმე, ექსპერტები ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას დროის მოკლე პერიოდზე. ეს შეცდომაა. კომპეტენტური ანალიზის პირობებში ეს ასე არ უნდა მოხდეს. გრძევლადიან პერიოდს უნდა შევხედოთ და შეფასება ისე გავაკეთოთ",- განაცხადა გვენეტაძემ.