კობა გვენეტაძე ინფლაციაზე: ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ გლობალურად
კობა გვენეტაძემ პრესკონფერენციაზე “ბიზნესპარტნიორის” კითხვას ინფლაციის რეკორდულ მაჩვენებელთან (11.9%) დაკავშირებით უპასუხა და აღნიშნა, რომ ინფლაცია გლობალური ფენომენია და მეზობელ ქვეყნებშიც მისი მაჩვენებელი არის გაცილებით მაღალი, ვიდრე პროგოზირებული იყო.
“ეს არის გლობალური გამოწვევა და რა თქმა უნდა, ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ახლა მიმდინარეობს დეტალური ანალიზი, თუ რა შეიძლება ამასთან დაკავშირებით გაკეთდეს. როდესაც ფაქტორების გაანალიზება ხდება, გასათვალისწინებელია ის გაურკვევლობა, რაც პანდემიას თან სდევს, რადგან ერთდროულად რამდენიმე შოკი ხდება და თავიდან შეუძლებელია გათვლილი იყოს თუ რა თანმდევი ეფექტები შეიძლება მოყვეს სხვადასხვა ნაბიჯს.
მაშინ, როდესაც პანდემია დაიწყო ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ფისკალურ სტიმულზე, სოციალურ და ჯანდაცვის დანახარჯებზე, რომელიც აუცილებლად უნდ გაკეთებულიყო, რამაც განვითარება ქვეყნებში ფიაკალური დეფიციტის ზრდა გამოიწვია. შემდეგ უკვე წამოვიდა ახალი საკითხებიც, რომელმაც მოამწიფა მიზეზები და ინფლაციის ზრდა გამოიწვია,” - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
სებ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განმარტა ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები, ეს არის ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი მიზეზები, ასევე მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის, საერთაშორისო გადაზიდვებს მკვეთრად გაზრდილი ფასები. ერთ-ერთი მოქმედი ფაქტორია 2019 წლიდან რუსეთიდან ფრენების აკრძალვაც.
“რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, ეს არის მოთხოვნის მხრიდან მომავალ ინფლაციაზე რეაგირების საშუალება და როგორც წესი ცენტრალური ბანკები არ რეაგირებენ მიწოდების ფაქტორებზე, რადგან მათი ამოწურვის შემდეგ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ სიტუაციაში მიწოდების შოკი იმდენად ძლიერია, რომ მოკლევადიან ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის და ე.წ მეორე რაუნდის ეფექტებს წარმოქმნის. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ზომების მიღება. არ უნდა დაგვავიწყდეს ეკონომიკური ზრდაც. იმისათვის, რომ დროებითი ფაქტორების შედეგად ფასების ზრდამ ინფლაციის მოლოდინზე მუდმივი გავლენა არ მოახდინოს, ეროვნული ბანკის მიზანია ხანგრძილვად შეინარჩუნოს მონეტარული პოლიტიკა და საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო გაამკაცროს,”- აღნიშნავს სებ-ის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, პანდემიამდე 2020 წლის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.5% უნდა ყოფილიყო, თუმცა პანდემიის გავლენის გამო 8.3%-მდე გაიზარდა.
“ასეთი დისპროპორციები რაოდენ არასასურველიცაა, იმდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს. ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ გლობალურად და დროთა განმავლობაში, როდესაც გადაივლის ეს ეფექტები და დავუბრუნდებით პანდემიამდელ მდგომარეობას, რა თქმა უნდა მაკროეკონომიკური მაჩვენებლბებიც ძველებურ ნიშნულს დაუბრუნდება,” - აღნიშნავს გვენეტაძე.