ეკონომიკა
15/03/2022

კობა გვენეტაძე: ინფლაცია შემცირდება, თუმცა არა ისე, როგორც ვპროგნოზირებდით

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეფასებით, 2022 წელს ინფლაციასთან ბრძოლა ეკონომისტებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად დარჩება. 

მისი თქმით, ინფლაცია შემცირდება, თუმცა არა იმ მაჩვენებლით, რასაც რუსეთ-უკრაინის ომამდე პროგნოზირებდნენ. 

"პანდემიის შემდეგ დარჩა ინფლაციის გლობალური პრობლემა. თავიდან თუ იყო ეკონომიკების შემცირება, მას შემდეგ, რაც, ეს პრობლემა გადაილახა, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, წამოვიდა ინფლაციის პრობლემა. 2022 წელი გლობალურად და საქართველოსთვისაც უნდა ყოფილიყო ამ საკითხის დარეგულირების წელი, თუმცა, სამწუხაროდ იმ მოვლენებმა, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, ეს მიმართულება შეცვალა. როგორც ჩანს, ინფლაციასთან ბრძოლა წელსაც აუცილებლად დარჩება ეკონომისტებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად. აქედან გამომდინარე, ჩვენც მივიღებთ იმ ზომებს, რაც აუცილებელი იქნება, იმისათვის, რომ ფასების ზრდას გავუმკლავდეთ. მოგეხსენებათ, რომ ამ შემთხვევაში მიწოდების ფაქტორები უფრო მეტია, ანუ როდესაც ძვირდება მაგალითად ისეთი პროდუქცია, როგორიცაა ნავთობი, რომლის სრულ იმპორტზე ვართ დამოკიდებულები, საკმაოდ რთულია რაიმეს გაკეთება. მაგრამ მიუხედავად ამისა, იმ მონეტარული პოლიტიკის მიდგომებით, რომელიც ჩვენ გვქონდა - გამკაცრებული გვქონდა მონეტარული პოლიტიკა, აუცილებლად შესაძლებელი იქნება, ამ პრობლემასთან გამკლავება.  მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ისე არ შემცირდება, როგორც ვპროგნოზირებდით ამ შეიარაღებულ კონფლიქტამდე, ის მაინც შემცირდება. ჩვენ ახლა ვმუშაობთ განახლებულ პროგნოზებზე, მათ შორის სამთავრობო გუნდთან ერთად. როდესაც იქნება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, ამაზე უფრო დეტალური ინფორმაცია შეგვიძლია წარმოვადგინოთ. 

მინდა საზოგადოებას ვუთხრა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული სიტუაციაა, ეკონომიკურ გუნდს აქვს რთული სიტუაციების მართვის საკმაოდ კარგი გამოცდილება. დარმწუნებული ვარ, სწორი მაკროეკონომიკური მიდგომებით, ამ რთულ სიტუაციასაც წარმატებით გადავლახავთ",- განაცხადა კობა გვენეტაძემ "იმედის" ეთერში.