კობა გვენეტაძე: ფასების ზრდის მიუხედავად მაღალი ინფლაცია მოსალოდნელი არ არის
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეფასებით, მოლოდინებიდან ჩანს, რომ ფასების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად საშუალო ვადიან პერიოდში მაღალი ინფლაცია მოსალოდნელი არ არის.
“ბოლო დროს ისმის კრიტიკა, რომ ინფლაცია ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე უფრო მაღალია, რაც თითქოს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს.
ინფლაცია არის გადასახადი საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე, შესაბამისად, რაც უფრო დაბალი იქნება ინფლაცია, მით უფრო დაბალი იქნება გადასახადი მოწყვლად ჯგუფებზე. ამიტომ აქვს ეროვნულ ბანკს 3%-იანი მაჩვენებელი, რომელიც რა თქმა უნდა სხვა გათვლებსაც ეფუძნება და ის არის უფრო მაღალი, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. აქ ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი არის, რომ პროდუქტიულობის ზრდა განვითარებად ქვეყნებში უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულში. ამიტომაც ვატარებთ ჩვენ ამ პერიოდში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას, რომ მოვთოკოთ მოლოდინები და ფასების დღევანდელი მაღალი ზრდა, რასაც ეგზოგენური ანუ ერთჯერადი ფაქტორები იწვევს, გრძელვადიანად არ გადაიზარდოს მაღალ ინფლაციაში. მიზნობრივი მაჩვენებელი 3% რომ არ ყოფილიყო, დღეს ძალიან დიდი ალბათობით ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრე ახლა გვაქვს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ორგანიზაციების პროგნოზები, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო ორგანიზაციები, ფინანსური ბაზრები, საინვესტიციო ბანკები. საქართველოში 2 დიდი ბანკი ძალიან აქტიურია ამ მიმართულებით, ყოველთვის ყურადღებით ვეცნობით მათ ანალიზს და ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას ამ განხილვებში. დღევანდელი გადმოსახედიდან, თითოეული ამ წყაროს პროგნოზირებიდან და მოლოდინებიდან ჩანს, რომ მიმდინარე პერიოდში ფასების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად საქართველოში საშუალოვადიან პერიოდში მაღალი ინფლაცია მოსალოდნელი არ არის. აქედან გამომდინარე ეკონომიკური თვალსაზრისით დღეს საქართველოში ფასების არასტაბილურობას რაც შესაძლოა არასწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგი შეიძლება ყოფილიყო, ადგილი არ აქვს.
რა თქმა უნდა სიტუაცია არ არის ადვილი, მაგრამ სწორი ქმედებით და დრამატიზირების გარეშე ჯობია ცივი გონებით შევხედოთ ამას და დროულად მივიღოთ ის ზომები, რაც მისაღებია. იმისათვის, რომ ერთჯერადი ფაქტორებისაგან გამოწვეული ინფლაცია გადავლახოთ“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.