კობა გვენეტაძე: დაბალი დოლარიზაციის შემთხვევაში ინფლაცია უფრო მალე შემცირებოდა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმ გლობალურ და ადგილობრივ რისკებზე საუბრობს, რომელიც ეკონომიკებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
კობა გვენეტაძის განმარტებით, ყველაზე დიდი რისკი გლობალურად არსებული გაურკვევლობა, რასაც მაღალი ინფლაცია მოსდევს.
"ზოგადი რისკი არის ჯერ კიდევ მაღალი გაურკვევლობა მსოფლიო ეკონომიკაში. ცვლილებები ძალიან ხშირია, რაც არასასურველია. მსოფლიოს ეკონომიკები გადაჯაჭვულია. პანდემია ჯერ დამთავრებული არ იყო, რომ ძალიან დიდი შოკი შეიქმნა რუსეთის უკრაინაში შეჭრით. ეს ყველაფერი არ არის კარგი ბიზნესისთვის, საერთაშორისო ვაჭრობისთვის.
მეორე რისკია ინფლაცია. მაგალითად, თუ კიდევ მოხდა ისეთი მოვლენა, რომლის გამოც მიწოდების ჯაჭვების აღდგენის პროცესი შენდელდება, ან სხვა. ვერ წარმოვიდგენდით, რომ პანდემიის მერე კიდევ იქნებოდა ასეთი გლობალური შეფერხება, თუმცა ეს მაინც მოხდა. ასევე, დაკრედიტების მაღალი ზრდა, რომელიც გვაქვს. ეს რა თქმა უნდა, ეხმარება ეკონომიკის კარგ მუშაობას, თუმცა გარკვეულწილად ინფლაციის შემცირების საფრთხეს ქმნის. აქედან გამომდინარე, ვინარჩუნებთ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და არ გამოვრიცხავთ კიდევ გამკაცრებას. დღეს კიდევ უფრო კარგად ჩანს ლარიზაციის დადებითი მხარეები და ის უარყოფითი მხარეები, რაც დოლარიზაციას აქვს. მაშინ, როდესაც თანმიმდევრულად ვამცირებდით დოლარიზაციას, ეს დღეს დაგვეხმარა რთული სიტუაციების გადატანაში. მაგრამ ამავე დროს ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ მაღალი რჩება დოლარიზაცია, რაც ასუსტებს გადაცემის მექანიზმს. დოლარიზაცია, რომ უფრო დაბალი იყოს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უფრო ეფექტურად გადაეცემოდა ეკონომიკას და უფრო მალე შემცირდებოდა ინფლაცია",- განაცხადა გვენეტაძემ.