კობა გვენეტაძე: ჩვენი ქმედებები ყოველთვის ვითარების შესაბამისი იყო
"ეკონომიკა პანდემიის მიერ მიყენებული უარყოფითი შედეგების დაძლევის ეტაპზეა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი დონორებისგან მიღებულმა მხარდაჭერამაც შეიტანა", - განაცხადა ქვეყნის მთავარმა ბანკირმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, ჯეიმს ჯონისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ქმედებები ყოველთვის შესაბამისი იყო.
"კრიზისულ პერიოდში, ეკონომიკური აქტივობის ხელშესაწყობად, ფინანსურმა სექტორმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. ეროვნული ბანკის თანმიმდევრული და შორსმჭვრეტელური ზედამხედველობის გარეშე, სისტემა პანდემიიდან მომდინარე შოკს ვერ გაუმკლავდებოდა. აღსანიშნავია, რომ საბანკო სისტემა კვლავ უზრუნველყოფილია საჭირო კაპიტალითა და ლიკვიდობით, რაც ახლახან დასრულებული ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის მისიის მიერ ჩატარებულმა სტრესს ტესტებმა დაადასტურა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ და დასძინა, რომ მისიამ დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის გატარებული მონეტარული პოლიტიკა და აღნიშნა, რომ "ჩვენი ქმედებები ყოველთვის ვითარების შესაბამისი იყო".
კობა გვენეტაძემ კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე ისაუბრა - ტურიზმის მიმართულების მნიშვნელოვან დაზარალებაზე, რამაც ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენა მოახდინა. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელი მონაცემებით პოზიტიური ნიშნები გამოიკვეთა.
"პირველ კვარტალში შემცირების შემდეგ, აპრილიდან, წინასწარი მაჩვენებლები, ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. დღევანდელი პროგნოზით მოსალოდნელია, რომ წელს 2019 წლის დონესაც გადავაჭარბებთ", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, პოსტ-პანდემიური აღდგენის პირობებში მნიშვნელოვანი იქნება სწორი და შორსმჭვრეტელი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც მოიაზრებს ინფლაციის თარგეთირების ჩარჩოსა და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის თანმიმდევრულ განხორციელებას, რომელიც, პანდემიის პირობებში, ეკონომიკას დაეხმარა შოკის პირობებში კორექტირება მოეხდინა და მორგებოდა არსებულ კრიზისულ ვითარებას. "არსებული გარემოებების გათვალისწინებთ, გავაგრძელებთ სავალუტო ინტერვენციების გამოყენებას სავალუტო ბაზრის გაუმართავი მუშაობის დროს მისი უარყოფითი გავლენის შესარბილებლად, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.