ეკონომიკა
19/06/2023

"ხშირად მსმენია, რომ დამოკიდებულება გვაქვს რუსეთის ბაზარზე, სინამდვილეში 12-13%-ია“

ძალიან ხშირად მსმენია, რომ დამოკიდებულება გვაქვს რუსეთის ბაზარზე, სინამდვილეში ამ ბაზარზე ექსპორტი არის 12-დან 13 პროცენტამდე - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს.

მისი თქმით, დღეს არსებული ეს მაჩვენებელიც „ადვილად ჩანაცვლებადია“.

„თუმცა, როცა არის შესაძლებელი, რომ უფრო იაფად მოხდეს შესყიდვები, ყველა ბიზნესმენი, ყველა კომპანია რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ უფრო იაფიანი პროდუქტი იყიდოს. თუმცა, აქ პარალელს გავავლებ სანქციებთან - ჩვენი საბაჟო სამსახურები უზრუნველყოფენ, რომ სანქცირებული პროდუქტი ვერც ექსპორტზე მოხვდეს, ვერც ტრანზიტზე. თუ ჩვენ ამ სანქციების დაცვის პირობებში შევძლებთ, რომ უფრო იაფად ვიყიდოთ გარკვეული პროდუქტები, ეს შესაძლებლობა ეკონომიკამ რა თქმა უნდა, უნდა გამოიყენოს“ - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წელია, ევროკავშირი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში პირველ ადგილზეა.

„ამის ერთ-ერთი ფაქტორი არის ის პოლიტიკა, რომელიც ზოგადად ექსპორტის წახალისებისთვის გვაქვს. მათ შორისაა საექსპორტო პროდუქტების დივერსიფიცირება - თუ ადრე, მხოლოდ რამდენიმე პროდუქტზე ვიყავით დამოკიდებული, დღეს საექსპორტი პროდუქტები საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ამას რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ და ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი - მათ შორისაა სტანდარების დანერვა, ის რეგულაციები, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად და ა.შ.“ - აცხადებს გიორგი კაკაურიძე „ბიზნესპარტნიორთან“.

Businesspartner