ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტისთვის რუსეთი ძირითად საექსპორტო ბაზრად რჩება
ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორებისთვის რუსეთი და დსთ-ის სივრცე ძირითად საექსპორტო ბაზრებად რჩება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის“ პრეზიდენტმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განუცხადა, წლების განმავლობაში რუსეთი და დსთ მთავარ საექპორტო ბაზრად რჩება, თუმცა, პერსპექტივები სხვა ბაზრებზეც, განსაკუთებით, ევროკავშირის მიმართულებით არსებობს.
„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წვდომა გვაქვს საკმაოდ დიდ და გადახდისუნარიან ბაზარზე, თუმცა, გარკვეული ლოგისტიკური პრობლემებიდან გამომდინარე და იქედან გამომდინარე, რომ პროდუქცია შედარებით იოლად იყიდება აქ, ახლომდებარე ქვეყანაში, ჯერჯერობით, ტენდენცია არის ისეთი, რომ ე.წ. ტრადიციულ ბაზრებზე ვყიდით ჩვენი პროდუქციის დაახლოებით 90%-ს. ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით, მიდის მუშაობა, თუმცა, დიდი მოცულობები ჯერჯერობით, ვერ არის რიგი პრობლემების გამო“ - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.
მისივე თქმით, ომმა და სანქციებმა რუსულ ბაზარზეც გაართულა ექსპორტი.
„ომის შემდეგ, ბევრი საკითხი უფრო პრობლემური გახდა, თუნდაც ლოგისტიკური ან ფასების კუთხით. ბაზრები საკმაოდ მერყევი და არასტაბილური გახდა, მაგრამ ხილი და ბოსტენული პირველადი მოხმარების პროდუქციას განეკუთვნება და მასზე მოთხოვნა არსებობს. ამიტომ, ეს მოთხოვნა აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ სადაც მოთხოვნა გაჩნდება, იმ მიმართულებით წავიდეთ. ჩვენი პროდუქცია უპრობლემოდ შედის უკრაინის, ბელორუსის და ყაზახეთის ბაზრებზეც. გარკევული პრობლემების მიუხედავად, ჩვენ მიმართულებები მაინც არ შეგვიცვლია და მიწოდების ჯაჭვი შეიძლება ითქვას, რომ უწყვეტია“ - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი „ბიზნესპარტიორთან“.