ხაშურის მერია: სურამის გრგ-ს დამტკიცებამ კურორტის საინვესტიცო მიმზიდველობა გაზარდა
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სერგო ლალიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სურამი წლების განმავლობაში კურორტის სტატუსს ვერ აკმაყოფილებდა.მიზეზი კი განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) არ არსებობა იყო.
ლალიაშვილის ინფორმაციით, დღეს კურორტს უკვე აქვს დოკუმენტი, რის მიხედვითაც მისი განვითარება დაიწყება. მისივე მტკიცებით, აღნიშნული გეგმის მირება სურამისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.წინააღმდეგ შემთხვევაში კურორტი ქაოსურად განაშენიანდებოდა.
„მიმდინარეობს უკვე რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორისაა, 26 მაისის ქუჩაზე დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა, რომელსაც ბიზნესმენი ვალერი გელაშვილის კომპანია აშენებს. ასევე დაიწყება „პარკ ჰოტელის“ მშენებლობა.
განაშენიანების რეგულირების გეგმა ძალიან ბევრ რამეში მოგვეხმარა, აღარ ხდება ქაოტური განაშენიანება. ელემენტარულად, შეზღუდვა გვაქვს, რომ 4 სართულზე მეტი სიმაღლის სასტუმროს ვერ ააშენებს ვერავინ, რაც ვფიქრობ, მართალია. ყველა ინვეტსორს უნდა რაც შეიძლება მეტი სართული, მეტი ფართი, საბოლოო ჯამში კი ქაოსურ მშენებლობებს ვიღებდით,“-აცხადებს ლალიაშვილი.
მისივე განცხადებით, სურამის გენერალური განაშენიანების გეგმის შედეგად ინვესტორებმა წინასწარვე იციან რა რეგულაციებთან ექნებათ საქმე, რა პრობლემებს შეიძლება წააწყდნენ.
ლალიაშვილის ინფორმაციით, სურამში საკმაოდ დიდი ინტერესია სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით. როგორც ხაშურის მერიის წარმომადგენელი აცხადებს, ადგილობრივები მაქსიმალურად ცდილობენ ინვესტიციები საოჯახო, 3-4 ნომრიან სასტუმროებში განახორციელონ.
ლალიშვილის ინფორმაცით, სურამის განაშენიანების რეგულირების გეგმა 2021 წელს დამტკიცდა. „სურამს ახალი სიცოცხლე მიეცა. საოჯახო სასტუმროები რომ ამოქმედდება, მსხვილი ინვესტიციებისთვის სურამი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება,“-აცხადებს ლალიაშვილი.