ეკონომიკა
09/12/2022

ქართულ ეკონომიკაში უცხოელმა ინვესტორებმა III კვარტალში $745 მლნ დააბანდეს

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში ქვეყანაში 745.3 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რაც 2021 წლის III კვარტალის დაზსუტებულ მონაცემებთან შედარებით გაორმაგებულია.

2022 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა და 226 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.3%-ია.

საკმაოდ მაღალია რეინვეტირების წილი, მთლიანობაში საანგარიშო პერიოდში რეინვესტიციამ 446.9 მლნ დოლარი შეადგინა და შესაბამისად მისი წილი 60%-ით განისაზღვრა.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ესპანეთია, საიდანაც საქართველოში 166 მლნ დოლარამდე ინვესტიცია შემოვიდა, მეორე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 123 მლნ დოლარით, მესამე პოზიციაზე კი ირლანდიაა 120 მლნ დოლარი.

რაც შეეხება სექტორებს, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 265.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.6%-ია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორი - 159 მლნ დოლარით (21.3%), მესამეზეა ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორი 143.2 მლნ დოლარით (19.2%).