"ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა მზარდია"
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია,“-ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ USAID-ის პროგრამა - „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ხელმძღვანელმა, ნინო ლაგვილავამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობითა და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდებისა და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
როგორც ლაგვილავა აღნიშნავს, ქალების გააქტიურება ბიზნეს სექტორში წლიდან წლამდე მზარდია.
მისივე ცნობით, პროგრამა 8 წელია, რაც აქტიურად ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებშიც ფარგლებში საქართველოს მასშტაბით არაერთ ქალ მეწარმეს შეხვდნენ.
ამჟამად ქალების ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა საერთო ჯამში 3000-ზე მეტ მოქმედ ბენეფიციარს აერთიანებს, რომელთა უმრავლესობა, როგორც პროექტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ე.წ. ქალურ ბიზნესებს აწარმოებს, მაგალითისთვის სამკერვალო ატელიე, სალონი და სხვა.
„გამოწვევა ბევრია. იმის გამო, რომ ბენეფიციარებს მცირე საწარმოები აქვთ, მათ ამ ეტაპზე არ შეუძლიათ სხვადასხვა ქსელურ მაღაზიებში შესვლა, სწორედ ამიტომ საჭიროა ონლაინ გაყიდვებზე მეტი ინფორმაციის მიწოდება და ამ შესაძლებლობების გაცნობა.
აღნიშნული ტრენინგები, რომელიც USAID YES – Georgia-ს ორგანიზებით ტარდება, ბენეფიციარებს არა მხოლოდ ფინანსურ თუ ბიზნეს მიმართულებით განათლებას აძლევს, არამედ მათ თავდაჯერებულობას მატებს,"-აცხადებს ლაგვილავა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში არაერთი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ღონისძიება ჩატარდა.
პროგრამის ძირითადი მიღწევები (2016-2023):
- 2016 წლიდან პროგრამამ 8000-ზე მეტი მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანი მოიცვა;
- ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ფარგლებში დაფინანსება 110-მა ახალგაზრდამ მიიღო ;
- სპეციალურ სასკოლო სამეწარმეო პროგრამაში 500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო;
- ქალ მეწარმეთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 3000-ზე მეტმა ქალმა ფინანსურ განათლებასა და პიროვნული უნარების განვითარების ტრენინგებზე უფასო წვდომა მიიღო;
- ბიზნეს საკონსულტაციო კომპონენტის ფარგლებში 500-ზე მეტმა ქალბატონმა მიიღო ბიზნეს მომსახურეობა.
პროექტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა USAID-ის ფარგლებში მიმდინარე წელს სრულდება, თუმცა მისი შედეგებიდან გამომდინარე, მათი პარტნიორი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" პროგრამის სხვადასხვა კომპონენტის მხარდაჭერას გეგმავს.
ცნობისთვის, პროგრამა 2015 წელს დაიწყო, სადაც როგორც გოგონები, ასევე ბიჭები ერთდროულად სწავლობდნენ ბიზნესპროექტის წერასა და ახალგაზრდა მეწარმეთა 2 თვიან კურსს აქტიურად ესწრებოდნენ. 2019 წელს კი ქალთა გაძლიერებისათვის ფონდი შეიქმნა, რომელიც კონკრეტულად ქალი მეწარმეების გაძლიერებას ემსახურებოდა.
USAID YES – Georgia ფონდი "კრისტალის" მიერ ხორციელდება, რომელიც სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა დამწყებ მეწარმეებსა და პროფესიონალებს ეხმარება.