ეკონომიკა
15/02/2023

კალაძე: რასაც შვეიცარიული ბანკი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აკეთებს, პირდაპირი რეკეტია

იმას, რასაც დღეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ვხედავთ, კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან იურიდიული ფირმა „MKD Law-ის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით,  რასაც შვეიცარიული ბანკი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აკეთებს, პირდაპირი რეკეტია.

„საოცრებაა ის ყველაფერი, რაც ხდება. ნამდვილად არაფერი მიკვირს. მსოფლიო შეცვლილია. ის,  რაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხდება, პირდაპირი რეკეტია. სამწუხაროა, რომ ეს ხდება ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებში, საითკენაც მივისწრაფვით. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით დემოკრატიაზე, მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს ვიღებდით, ვდგამდით კონკრეტულ ნაბიჯებს  ევროინტეგრაციის გზაზე. ამ დროს დღეს ვაწყდებით საოცარ ფაქტებს, რაც კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახენებთ, 8 თებერვალს იურიდიული ფირმა MKD Law, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, Credit Suisse-ის მენეჯმენტის ქმედებებთან დაკავშირებით სტატიის გამოქვეყნებაზე მათ უარი ევროპულმა, კონკრეტულად ბრიტანულმა მედიამ უთხრა.