ეკონომიკა
27/01/2021

კალაძე: კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში, ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თანამშრომლებს კორუფციული სამართალდარღვევების მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ გადაცდომები მიუღებელია.

ქალაქის მერმა ჩუღურეთის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავება გაიხსენა.

"ძალიან ცუდი ფაქტია. ბევრჯერ ვისაუბრეთ და ყველას დაგევალათ განსაკუთრებული სიფრთხილე. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება გადაცდომებთან დაკავშირებით, ამიტომ, მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მაქსიმალური სიფრთხილით გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, რომ ვინმეს არ ჰქონდეს რაიმე გადაცდომა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს, ამასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

„უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას და ის დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე. თუმცა ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ, გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება - კატეგორიულად მიუღებელია კორუფციაში ჩართულობა. არავის არასდროს გავუტარებთ ამ მიდგომას. ყველას მაქსიმალურად, კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს, რადგან კანონის წინაშე ყველანი თანასწორუფლებიანნი და თანაბარნი ვართ“, - განაცხადა  კახა კალაძემ.