ეკონომიკა
25/11/2020

კალაძე 2021 წლის ბიუჯეტზე: დარწმუნებული ვარ, მეტი პროექტის განხორციელებას შევძლებთ

კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც დედაქალაქის საკრებულოშია წარდგენილი, მისი პირველადი ვარიანტია. 

როგორც მან აღნიშნა, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის და თანადგომის შედეგად, საბოლოო ბიუჯეტი იქნება განსხვავებული და უფრო მეტი, ვიდრე მისი პირველადი ვარიანტი.

"გათვალისწინებული 840 მლნ ლარი არის პირველადი ბიუჯეტი. ყოველ წელს, ცენტრალური ხელისუფლებისგან გვაქვს მხარდაჭერა, რადგან მხოლოდ მუნიციპალიტეტის შემოსავლებით ვერ შევძლებთ არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ. გვჭირდება ხოლმე ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი ბიუჯეტი პირველადთან შედარებით იქნება განსხვავებული, უფრო მეტი და შევძლებთ მეტი პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რამდენი იქნება 2021 წლის ბიუჯეტი მალე გაირკვევა.

"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საკრებულოში წარდგენილ პირველად ბიუჯეტთან შედარებით, ციფრი იყოს განსხვავებული. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება და ქალაქისთვის ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.