კახეთს ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა გადაეცა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ”, “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს 10 ერთეული პიკაპის ტიპის სატვირთო მანქანა, ნარჩენების შესაგროვებელი და საპრესით აღჭურვილი 23 ერთეული 7მ³ და 13მ³ მოცულობის სპეციალური მანქანები გადასცა.
ახალი აღჭურვილობის გადაცემის პროცესს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი ლიდია კრიტსმანი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ბირგიტ ჰოლდერიდი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II” ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების 17 მუნიციპალიტეტისთვის ეტაპობრივად ხორციელდებოდა სპეციალური და სატვირთოს ტიპის მაქანების, კონტეინერების, ურნებისა და უნიფორმების გადაცემა; ჯამში, მუნიციპალიტეტებს გადაეცათ ნარჩენების შესაგროვებელი 72 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 12 005 ერთეული სხვადასხვა მოცულობის კონტეინერი და ურნა.
კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს (ყვარელი, ახმეტა, გურჯაანი, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყარო), პროგრამის ფარგლებში, ჯამში, ნარჩენების შესაგროვებელი 35 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 5 703 კონტეინერი გადაეცა.
მუნიციპალიტეტების აღჭურვა ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკური საშუალებებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის არსებულ სისტემას.
პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის პროექტის ღირებულება ჯამში 6 800 000-მდე ევროს შეადგენს.