ჯანდაცვის სერვისი და მომსახურება დეკემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
2020 წლის დეკემბერში ყველაზე მეტად ჯანდაცვის სერვისსა და მომსახურებაზე გაიზარდა ფასები, წლიური ზრდა თითქმის 10%-ია.
ჯანმრთელობის ჯგუფში ფასების 9.6%-იანი ზრდა წლიურ ინდექსზე 0.76%-ული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (13.6%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9%) ქვეჯგუფებზე.
9.5%-ით არის გაძვირებულია ავეჯი, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის საშუალებები, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.56%-ული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელსა და მომსახურებაზე (11.2%), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (11.2%), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (9.1%), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (5.9%).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ასევე ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.19%-ული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ზეთსა და ცხიმზე (27.2%), ყავა, გაძვირდა ჩაი და კაკაო (13.4%), რძე, ყველი და კვერცხი (11.3%), თევზეული (8.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8%), პური და პურპროდუქტები (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.5%), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.3%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.7%). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.5%).
ასევე 8,6%-ით გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.56%-ული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (12.7%), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.4%);
საქსტატის მონაცემებით, შემცირებულია კომუნალუირი ხარჯები, წლიურად 21,7%-ით. საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასების კლება -1.94%-ული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. გაიაფდა წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-36.5%) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-30.1%).
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა, რაც 22 თვიანი მინიმუმია, ამავდროულად ის სებ-ის მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთაა.
2020 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ინფლაციის დონე მინუსებში გამოისახა და 1%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა.