ეკონომიკა
19/08/2021

ივლისში წმინდა ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა - სად რას ვყიდით

ივლისში საქართველოდან წმინდა ექსპორტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მაჩვენებელმა 285 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული ნიშნულია. მონაცემი 48.4%-ით არის გაზრდილი 2020 წლის ივლისთან შედარებით, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს კი 52%-ით აჭარბებს.

წმინდა ექსპორტი 11%-ით აღემატება ივნისის მაჩვენებელს.

საქსტატის მონაცემებით, წმინდა ექსპორტმა იანვარ-ივლისში 1.662 მლრდ დოლარს მიაღწია, ეს 30.7%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში.

2021 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტმა რეექსპორტთან ერთად 2.275 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 27.8%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა წმინდა ექსპორტში 79.8% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (352.2 მლნ დოლარი), რუსეთი (293.9 მლნ დოლარი) და თურქეთი (180.1 მლნ დოლარი).


2021 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 465.9 მლნ დოლარით, სასაქონლო ჯგუფის წილი ადგილობრივი ექსპორტის 28%-ია. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 228.5 მლნ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7%), მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 123.9 მლნ
დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4%).