ივანე მაჭავარიანი: პანდემიის გამო ეკონომიკის დანაკარგი 2020-2021 წლებში ₾8.5 მლრდ-ს მიაღწევს
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ხუთი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გლობალური პანდემიის გამო ეკონომიკაზე მიყენებულ ზიანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის ეფექტებიდან გამომდინარე, მხოლოდ 2020 წელს, საქართველოს ეკონომიკამ 4 მლრდ ლარი დაკარგა, ხოლო 2020-2021 წლებში, ჯამური დანაკარგი 8,5 მილიარდი ლარი იქნება.
მინისტრი ამაყობს, რომ სირთულეების მიუხედავად ქვეყნამ შეინარჩუნა საკრედიტო რეიტინგები. "Fitch-მა უცვლელად დატოვა ჩვენი სუვერენული რეიტინგის მაჩვენებელი, მიზეზად გონივრული ფისკალური პოლიტიკა და გამოწვევებზე სწორი მაკროეკონომიკური პასუხები დაასახელა“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფისკალურ მაჩვენებლებზეც. 2020-2021 წლებში, ბიუჯეტზე დამატებითმა ზეწოლამ 7 მლრდ ლარს მიაღწია. შედეგად, 2020 წელს საბიუჯეტო დეფიციტი გაიზარდა მშპ-ის 9,4%-მდე და 2021 წელსაც შეუძლებელი გახდა მისი შემცირება 7,6%-ზე დაბალა. დეფიციტის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მთავრობის ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, რომლის მაჩვენებელმაც გადააჭარბა 60-პროცენტიან ზღვარს.
„სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში, ჩვენი ძირითადი გამოწვევაა, მთავრობის ვალის შემცირება. საბაზისო სცენარის მიხედვით, ჩვენ კანონით დადგენილ ვადებში ვუბრუნდებით ნორმებს, თუმცა საკრედიტო რეიტინგების შესანარჩუნებლად და შემდგომი გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია ვალის მაჩვენებლის მეტად შემცირება. ასევე, აუცილებელია საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ყოველწლიურად. 2022 წლიდან აუცილებელია მოხდეს მისი რადიკალური შემცირება და დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. ამასთან, მნიშვნელოვანია, დეფიციტის შემცირება არ მოხდეს ისეთი ღონისძიებების ხარჯზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და არ მოგვცემს საშუალებას სწრაფი აღმასვლა გვქონდეს პოსტპანდემიურ პერიოდში“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია კაპიტალური ხარჯების შენარჩუნება მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8-პროცენტიან ნიშნულზე, რაც უცილებელი პირობაა გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის.