ივანე მაჭავარიანი: 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის დანაკლისი $800 მლნ იქნება
ფინანსთა მინისტრმა პანდემიით გამოწვეულ პრობლემებსა და მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე პარლამენტში ისაუბრა. ივანე მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ დარტყმა ტურიზმის სექტორს მიადგა.
„გ2019 წელს ტურიზმიდან ჩვენმა ეკონომიკამ 3,3 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წელს 90%-მდე შემცირდება. გასულ წელს, ექსპორტი 3,8 მლრდ დოლარი იყო, წელს დაახლოებით 10%-იანი შემცირება გვექნება. ამ ორი სექტორიდან, საქართველოს ეკონომიკას 3 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააკლდა,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, დანაკლისი, ნაწილობრივ დააბალანსა საქართველოს მოქალაქეების ტურისტული ვიზიტებისა და იმპორტის შემცირებამ, მაგრამ სავაჭრო ბალანსი მაინც გაუარესდა, დაახლოებით, 700 მლნ დოლარით და 2 მილიარდ დოლარს მიაღწია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არც მომდევნო წელს არის მოსალოდნელი.
ივანე მაჭავარიანის თქმით, სავაჭრო ბალანსის გაუარესებამ, გავლენა იქონია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე და წელს 9,7%-ს, 2021 წელს კი 8,5%-ის დონეზეა პროგნოზირებული.
მინისტრმ აღნიშნა, რომ ქვეყანას ინვესტიციებიც დააკლდება, დაახლოებით 30%-ით, რაც 400 მლნ-იანი ჩამორჩენაა წინა წელთან. მან იქვე აღნშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის დანაკლისი 1,3 მლრდ დოლარის, ხოლო მომდევნო წელს, დაახლოებით, 800 მლნ დოლარის ფარგლებში იქნება.