ეკონომიკა
22/02/2023

ივა ჭყონია: კანონპროექტი, რომელიც ბაზარზე ფასებს დაარეგულირებს, მზად სავარაუდოდ 1 წელში იქნება

კანონპროექტი, რომელიც ბაზარზე წესებს განსაზღვრავს და  ფასებს დაარეგულირებს, მზად სავარაუდოდ  1  წელში  იქნება.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავჯდომარე, ივა ჭყონია გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ აცხადებს,რომ  აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, გენადი არველაძეს დაევალა და  მასზე  მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია,რომ ბიზნეს კომპანიების ჩართულობა ძალიან მაღალი იყოს.

„მე ვეწინააღმდეგები ფასების რეგულირებას. სააფთიაქო ქსელების შემთხვევა, რადიკალურად განსხვავებული იყო. თურქეთის ბაზარი იყო დაკეტილი და თურქეთიდან დაიწყო პროდუქციის  შემოტანა. ჩვენ შემთხვევაში კი არც ერთი ბაზარი არ არის დაკეტილი.

დღეს ბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანია. ქსელურ სუპერმარკეტში შეგვიძლია ვნახოთ ე.წ. ბრენდირებული ზეთი 7-8 ლარის ფარგლებში და არაბრენდირებული ზეთი, რომელიც 4-დან 5 ლარამდე ღირს, რაც ძალიან კარგია. იგივეა წიწიბურა, რომელიც ასაწონი სახით ბაზრობაზე 3 ლარი ღირს, იგივე ბრენდირებული პროდუქტის ფასი  კი მარკეტში 8-10 ლარამდეა“- აცხადებს ივა ჭყონია.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავჯდომარე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოში უნდა დარეგულირდეს, თუმცა კომერციას არ უნდა შეეხოს, ვინაიდან ამან შეიძლება ჩრდილოვანი ეკონომიკა გამოიწვიოს.

მისი თქმით, ბაზარზე კონკურენცია იმდენად დიდია, რომ ზღვრულ ფასებს ბაზარი თავადვე არეგულირებს და ამას ჩარჩოებში მოქცევა არ სჭირდება.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ლევან დავითაშვილს, ლაშა ხუციშვილსა და ოთარ შამუგიას მაღალი ფასნამატის შესწავლა დარგის წარმომადგენლებთან ერთად დაავალა.

შესწავლისა და დასკვნების დადებისთვის ორკვირიანი პერიოდი მისცა. მთავრობის მეთაურმა ისიც აღნიშნა, რომ მისი დავალებით კონკურენციის სააგენტომ პირველადი მოხმარების პროდუქტის იმპორტიორების ბაზრის მოკვლევა ჩაატარა, რა დროსაც გამოიკვეთა რომ კომპანიები მაღალ მარჟებზე მუშაობენ და მოსახლეობას დახლიდან პროდუქტის შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს.

გასული კვირის მიწურულს ეკონომიკური გუნდის მინისტრებს, სურსათის სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებს შორის სამუშაო შეხვედრა  უკვე გაიმართა.

 

 

Businesspartner