ირაკლი რუხაძე: საქართველო ძალიან სწრაფად უნდა გამდიდრდეს
"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე მიიჩნევს, რომ საქართველომ სიღარიბე უნდა დაძლიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი განვითარება წარმოუდგენელია.
"ძალიან სწრაფად უნდა გავმდიდრდეთ, თუ ვიქნებით ღარიბები, ვერაფერს მივაღწევთ, ჩვენს შვილებს ვერ მივცემთ შესაბამის განათლებას და დავკარგავთ იმასაც კი რაც დღეს გაგვაჩნია, მათ შორის დემოკრატიასაც," - განაცხადა ირაკლი რუხაძემ "უცნობის კიდობანში" სტუმრობისას.
მისი თქმით, მხოლოდ გამდიდრება არ არის საკმარისი და ამ სიმდიდრეს სწორად გამოყენება სჭირდება. "სიმდიდრე სამართლიანად უნდა განწილდეს, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი ყოველთვის იქნება ვიღაც უფრო ბედნიერი, ვიღაც ნაკლებად", - განაცხადა რუხაძემ.
რაც შეეხება ქვეყნის ბედნიერების საზომს, ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკური დოვლათი აღარ ზომავს ქვეყნის ბედნიერების ხარისხს და მაგალითად მოიყვანა სამხრეთ კორეა.
"სამხრეთ კორეა, რომელიც დღეს ერთ-ერთი მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანაა, 30-ჯერ უფრო მეტი ადამიანი გრძნობს თავს უბედურად, ვიდრე 60-იან წლებში, როდესაც ის ღარიბი იყო", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
მისივე თქმით, ბედნიერების ხარისხის განსაზღვრა ძალიან რთულია, ბედნიერებას არ განაპირობებს ფული. "ფულს აქვს გავლენა განათლებაზე და განათლებას მოაქვს ბედნიერება," - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.