ეკონომიკა
19/04/2021

ირაკლი ნადარეიშვილი: ბიზნესის დასახმარებლად სახელმწიფო პროგრამების განვითარებაზე აქცენტი უნდა გავაკეთოთ

“პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან დიალოგი, მათი მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შემდგომი განვითარებისთვის“, -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა სასტუმრო “სტამბაში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე მსუბუქი მრეწველობის სექტორში არსებულ პერსპექტივებზე, ასევე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით მთელი რიგი ინსტრუმენტები და პროგრამები შეიქმნა, რომლებიც მიზნად ისახავს მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, რომელიც, თავის მხრივ, ქართული ეკონომიკის ფუნდამენტს წარმოადგენს.

„ამ მიმართულებამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეიძინა პანდემიის პერიოდში, როდესაც ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ქართული ბიზნესი დადგა, განსაკუთრებულად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებას. ამ შემთხვევაში საკითხების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია და დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ პროგრამების საბოლოო მომხმარებელთან - კერძო სექტორთან დიალოგს იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებზეც ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მომავალშიც სახელმწიფო პროგრამების განვითარების თვალსაზრისით“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

მისი შეფასებით, შეხვედრების ასეთი ფორმატი მნიშვნელოვანია, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობიდან გამომდინარე, იმ კვლევებზე დაყრდნობით, რომლებიც მათი ხელშეწყობით ხორციელდება და ძალიან კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის საშუალებას იძლევა როგორც მიმდინარე, ასევე საშუალოვადიან პერიოდში.

დიალოგი საჯარო და კერძო სექტორს შორის სახელწოდებით „მსუბუქი მრეწველობის სექტორის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში: ავეჯის და შესაფუთი მასალების წარმოება“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, ასევე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.