ეკონომიკა
09/05/2021
ირაკლი ლექვინაძე: ევროკავშირის როლი კონკურენციის სააგენტოს განვითარებაში უმნიშვნელოვანესია
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, 9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს აღნიშნავენ, რომელიც 71 წლის წინ რობერ შუმანის ისტორიული დეკლარაციის აღსანიშნავად დაწესდა.
მისი ინფორმაციით, დღეისათვის, ევროპის კავშირი 27 ქვეყანას აერთიანებს. ევროპის საბჭოში 50-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული და მათ შორის არის საქართველო.
"მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ევროპის მოქალაქეებს, ყველას ვინც ევროპის გულშემატკივარი და ევროპული ღირებულებების მატარებელია.
ევროკავშირის როლი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. 2014 წელს, ევროკავშირმა, მისმა წევრმა სახელმწიფოებმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას (AA), რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტს მოიცავს.
მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის პოლიტიკის შექმნა, შესაბამისი ორგანოს სტატუსისა და როლის განსაზღვრა საქართველოში 1992 წლიდან იწყება, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად სწორედ 2014 წელს შეიქმნა.
2020 წელს, უწყების წინაშე არსებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა - საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ჰქონოდა ეფექტური, DCFTA-ის მოთხოვნებთან შესაბამისი, სრულყოფილი კანონმდებლობა - წარმატებით განხორციელდა. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ამსახველი საუკეთესო მაგალითია.
საკანონმდებლო ცვლილებები ჩასწორდა პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზებისა და ევროპელი ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე. მასში ასახულია ევროკავშირის კონკურენციის სამართალში არსებული ძირითადი პრინციპები. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოში კონკურენციის ხელშეწყობისათვის გაწეული საქმიანობისთვის ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მონაწილე ყველა წევრს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდს, სამეცნიერო წრის, მედიისა და ბიზნეს სექტორის, კოლეგა მარეგულირებელი ორგანოების და არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლებს - მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის. ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ. #ევროპისდღე 9 მაისი - ევროპის ქვეყნებს შორის მშვიდობის, ერთობისა და თანამშრომლობის დღეა,’’- აცხადებს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.