ეკონომიკა
26/11/2021

ირაკლი კოვზანაძე: პანდემიის მიუხედავად საპენსიო სააგენტოს შედეგები მაინც პოზიტიურია

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, პანდემიის მიუხედავად, საპენსიო სააგენტოს მაჩვენებლები პოზიტიურია. 

"თუმცა პრობლემა არის იმაში,  რომ მაღალი  ინფლაცია,   კერძოდ კი ორნიშნა  ინფლაცია "შთანთქავს"  იმ პოზიტიურ  შედეგებს,  რომელიც  საპენსიო შენატანების სარგებლიანობასთან არის დაკავშირებული.

დღეს საქართველოში არსებობს საპენსიო უზრუნველყოფის 3 მოდელი: საყოველთაო პენსია, დაგროვებითი პენსია და კერძო საპენსიო სქემები.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღება, ანუ საპენსიო რეფორმა ამ მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური, ინსტიტუციური რეფორმა იყო და არის, რაც ჩვენ განვახორციელეთ. ჯერ  მცირე დროა გასული ამ სისტემის ამოქმედებიდან (სისტემა ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვრიდან), მისი სოციალური ეფექტი მოსახლეობისთვის და მაკროეკონომიკური ეფექტი ეკონომიკისთვის ჯერ კიდევ წინაა",-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს 2021 წლის 6 თვის ანგარიში განიხილეს, რომელიც დეპუტატებს სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ წარუდგინა. 

საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში ბოლო საანგარიშო პერიოდში 5000 ზე მეტი დამსაქმებელი და 60 ათასზე მეტი დასაქმებული გაწევრიანდა დამატებით, და სქემის მონაწილეთა რაოდენობამ აღნიშნული პერიოდისთვის 1.2 მლნ-მდე ადამიანი შეადგინა.

მომხსენებელმა სააგენტოს საქმიანობის ორ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება და საოპერაციო და საინვესტიციო მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.

რაც შეეხება საპენსიო სააგენტოს 6 თვის საქმიანობის შედეგებს, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ 1.2 მლნ-მდე შეადგინა,  ხოლო აღნიშნულ პერიოდში   ფონდის ღირებულება 1.6 მლრდ ლარით განისაზღვრა, მათ შორის დარიცხული  სარგებელი 173 მლნ ლარია, რაც კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით კარგი მაჩვენებლებია.